ბორჯომში 37 წლის ქალს მეუღლემ ცივი იარაღით 16 ჭრილობა მიაყენა

ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
Sputnik
თბილისი, 3 მაისი – Sputnik. ბორჯომში 37 წლის ქალს მეუღლემ ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა ნაწილში 16 ჭრილობა მიაყენა. ინფორმაცია ქართულ მედიასაშუალებებში გავრცელდა.
მიყენებული დაზიანებებით ქალი ბორჯომის „ჯეო ჰოსპიტალსში“ მოათავსეს. მას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია. ამ ეტაპზე იგი კლინიკაში, პოსტოპერაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
ექიმის განცხადებით, პაციენტს ყველა საჭირო პროცედურა ჩაუტარდა და ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია.
„პაციენტი ამ დროისათვის პოსტოპერაციულ განყოფილებაში იმყოფება. სხეულზე 16 ჭრილობა აქვს მიყენებული, დაზიანებული აქვს სხვადასხვა ორგანოები, ფილტვი, თირკმელი და გულ-მკერდის არე. პაციენტი კონტაქტურია“, – განაცხადა კლინიკის ხელმძღვანელმა ირაკლი დიასამიძემ.
ამ ეტაპზე უცნობია, რა გახდა ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტის მიზეზი.