COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველოში კოვიდ-სტატისტიკა კვირაში ერთხელ განახლდება

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
Sputnik
თბილისი, 2 მაისი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებული ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები ამიერიდან არა ყოველდღიურად, არამედ კვირაში ერთხელ განახლდება, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინფიცირების ახალი შემთხვევების, ინციდენტობის, დადებითობის მაჩვენებლებისა და ლეტალობის შემთხვევების შესახებ მონაცემები სამშაბათობით გამოქვეყნდება.
ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესებიდან გამომდინარე, ქვეყანაში პრაქტიკულად ყველა კოვიდ-შეზღუდვა გაუქმდა. 28 მარტიდან გაუქმდა როგორც საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, ისე სპორტულ, სახელოვნებო თუ სხვა სახის სოციალურ ღონისძიებებზე დამსწრეთა რაოდენობრივი შეზღუდვა, ასევე ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება.
დღეიდან კი პირბადის გამოყენება სავალდებულო გახდა მხოლოდ აფთიაქებში, სამედიცინო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.
იანვარში და თებერვლის დასაწყისში საქართველომ კორონავირუსის მეექვსე ტალღა გადაიარა, რომელიც „ომიკრონ“ შტამს უკავშირდებოდა. აღნიშნულ პერიოდში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 20-24 ათასს აჭარბებდა. 31 იანვარს გამოვლინდა 26 ათასზე მეტი შემთხვევა. თებერვლის შუა რიცხვებიდან კი ეპიდვითარების მკვეთრი გაუმჯობესება დაიწყო. ბოლო დღეებში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 70-150 არ აჭარბებს.
ეპიდემიოლოგების ვარაუდით, შემოდგომაზე კორონავირუსი კიდევ უფრო დასუსტდება და იგი სეზონურ გრიპად გადაიქცევა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირების 1.655.221 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1.637.293, ხოლო გარდაიცვალა 16.811.
კოროვირუსული ინფექციით გამოწვეული პნევმონია ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში გაჩნდა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემიის დაწყება 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ აღიარა.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.