თბილისი, 2 მაისი – Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური სახალხო დამცველისგან ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე პერსონალური მონაცემების გამჟღავნებასთან დაკავშირებით განმარტებას მოითხოვს.
ომბუდსმენის მიერ შექმნილი მედიკოსების საექსპერტო ჯგუფის წევრმა გიორგი გრიგოლიამ 30 აპრილს ტელეარხ „TV პირველის“ ეთერში გათქვა პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული „განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები“. ეს მონაცემები ამ ჯგუფის სამედიცინო დასკვნაზე თანდართულ ინფორმაციაშია.
„მივმართავთ სახალხო დამცველს... განმარტოს, ჰქონდა თუ არა მის მიერ შექმნილ ექსპერტთა ჯგუფის წევრს კანონმდებლობით გათვალისწინებული თანხმობა დასკვნის დანართის გასაჯაროებაზე, რომელშიც მოცემულია ჩივილები, დანიშნული მედიკამენტების ჩამონათვალი და სხვა მონაცემები“, – ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
სამსახურმა განმარტა, რომ ომბუდსმენის აპარატისგან 28 აპრილს მიღებულ წერილში ხაზგასმით იყო მითითებული, რომ დასკვნის დანართი არ არის საჯარო.
წერილის მიღებიდან და მისი გაცნობიდან მალევე, კერძოდ, 30 აპრილს პენიტენციურმა სამსახურმა სახალხო დამცველს კითხვებით მიმართა.
„წერილში ერთ-ერთი საკითხი ეხებოდა სწორედ გამჟღავნებულ ინფორმაციას სისხლში ალბუმინის რაოდენობასთან დაკავშირებით. გაჟღერებული მონაცემი მკვეთრად განსხვავებულია ანალიზების რეალურ შედეგთან, რომელიც ხელმისაწვდომი იყო ექსპერტთა ჯგუფისთვის“, – ნათქვამია სამსახურის განცხადებაში.
იქვე აღნიშნულია, რომ ლაბორატორიული მონაცემების გამოქვეყნება, რომელიც დასაზუსტებელია, შეიცავს მაღალ რისკს, რომ შეიქმნას რეალობისგან განსხვავებული წარმოდგენა საზოგადოებისთვის დეზინფორმაციის მიწოდების გზით.
ადვოკატები, ოჯახის წევრები და თავად სააკაშვილი ამტკიცებენ, რომ მას არ მკურნალობენ სათანადოდ და რომ ის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, ამიტომ საჭიროა მისი საზღვარგარეთ მკურნალობა. ორშაბათს, საღამოს გადის ულტიმატუმის ვადა, რომელიც ექს-პრეზიდენტის ოჯახის წევრებმა ხელისუფლებას წაუყენეს. ისინი საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, თავის მხრივ, სიცრუე და დეზინფორმაცია უწოდა განცხადებებს იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ იღებს სათანადო სამედიცინო მომსახურებას პენიტენციურ დაწესებულებაში.
მან აღნიშნა, რომ სააკაშვილი უარს ამბობს ზოგიერთი წამლის მიღებაზე, ასევე სუფთა ჰაერზე გასეირნებაზე. ბრეგაძემ ასევე აღნიშნა, რომ დაპატიმრებიდან დღემდე მან დაახლოებით 800 ვიზიტორი მიიღო და ეს ნათელი მაგალითია იმისა, რომ უწყება მის მდგომარეობას არ მალავს.