თბილისი, 2 მაისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით გერმანიაში ჩავიდა.
საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ცერემონია ბერლინ-ბრანდერბურგის საერთაშორისო აეროპორტში საპატიო ყარაულის თანხლებით გაიმართა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი დღეს ბელვიუს სასახლეში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ჯერ შედგება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა, ხოლო შემდეგ – გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებით.
ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუები გერმანულ მასმედიასთან.
გერმანიამ და საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წელს დაამყარეს. სწორედ ამ წელს გაიხსნა გერმანიის საელჩო საქართველოში. მას შემდეგ ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, უსაფრთხოების, კულტურისა და განათლების და სხვა მრავალ სფეროებში.