თბილისი, 2 მაისი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არ იჩქარებს ეკონომიკის ზრდის პროგნოზის გადახედვას, განაცხადა ბრიფინგზე უწყების ხელმძღვანელმა ლაშა ხუციშვილმა.
2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 6%-ის დონეზეა ნავარაუდევი. მაგრამ ეროვნული ბანკის ბოლო პროგნოზით მოსალოდნელია, რომ საქართველოს ეკონომიკა მხოლოდ 3-4%-ით გაიზარდოს, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით – 3,2%-ით.
„საერთაშორისო ორგანიზაციებმა გადახედეს პროგნოზებს, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ მაღალია გაურკვევლობა ყველა მიმართულებით, ჩვენ არ ვჩქარობთ ჯერ პროგნოზების ცვლილებას. დაველოდებით წლის მეორე ნახევარს და მესამე კვარტალს და აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, განვაახლოთ ჩვენი პროგნოზები“, – განაცხადა ხუციშვილმა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ თანახმად, 2022 წლის მარტში საქართველოს მშპ-ის რეალურმა ზრდამ, 2021 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 10,6% შეადგინა, ხოლო პირველ კვარტალში საშუალო მაჩვენებელმა 14,4% შეადგინა.
მშპ-ის ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ სფეროებში: ელექტრომომარაგება, გაზმომარაგება, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, ტრანსპორტი და დასაწყობება, სასტუმროები და რესტორნები, მშენებლობა, ხელოვნება, დასვენება და გართობა, სამთომომპოვებელი და გადამამუშავებელი მრეწველობა.