თბილისი, 1 მაისი — Sputnik. საქართველოს დედაქალაქში დღეს მოქმედი შადრევნები ჩაირთო, ნათქვამია დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ტემპერატურის მკვეთრი კლების გამო დედაქალაქში 2021 წლის 20 ნოემბერს ყველა მოქმედი შადრევანი გაითიშა. როგორც წესი, ყველა შადრევანი ყოველი წლის 1 მაისიდან ირთვება და ქალაქს ნოემბრის ბოლომდე ალამაზებს.
უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წელს დედაქალაქს შადრევნები ვარკეთილის 3-ის III „ა“ მიკრორაიონში, N325 კორპუსის მიმდებარედ არსებულ სკვერში, ვარკეთილის ხევში, გლდანის მერვე მიკრორაიონში არსებულ სკვერში და რიგის ბაღში შეემატა.
გარდა ამისა, ბუკიას ბაღში, გელოვანის პარკში, წერეთლის ბაღსა და ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონში მდებარე სკვერში არსებულ შადრევნებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
თბილისის სხვადასხვა უბანში საერთო ჯამში 60 დიდი შადრევანია, მათზე კომპანია „ეკოსერვის ჯგუფი“ ზრუნავს.