თბილისი, 1 მაისი – Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 155-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 2 მაისის 02:00 საათიდან 06:00 საათამდე ყოველ საათში 10-15 წუთის ინტერვალით შეიზღუდება, ნათქვამია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებგვერდზე.
უწყების მონაცემებით, რიკოთის უღელტეხილზე, ხევი-უბისას მონაკვეთზე ხიდზე რკინა-ბეტონის წინასწარდაძაბული კოჭების მონტაჟი განხორციელდება. შეზღუდვა სწორედ ამ სამუშაოებს უკავშირდება.
სამუშაოებს ახორციელებს ჩინური კონტრაქტორი კომპანია Hunan Roads and Bridges Construction Group.
ხევი–უბისა რიკოთი–ზესტაფონის საავტომობილო გზის ურთულესი მონაკვეთია, რომლის სიგრძე 12,2 კილომეტრია. პროექტი ითვალისწინებს ოთხზოლიანი გზის, 8,3 კმ საერთო სიგრძის 37 ხიდის და 9,4 კმ საერთო სიგრძის 20 გვირაბის მშენებლობას. გზის მშენებლობა 2024 წელს უნდა დასრულდეს.
რიკოთის უღელტეხილზე გზის ძირითადი მონაკვეთების მშენებლობის დასრულება 2022 წელს იგეგმება, ხოლო მისი ექსპლუატაციაში მთლიანად გაშვება - 2023 წელს.
ახალი გზა საგზაო უსაფრთხოების ყველა სტანდარტის შესაბამისი იქნება. პროექტის განხორციელებაზე დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარი დაიხარჯება.
აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი).
საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.
წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი