საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი სომხეთში: პირველი შეხვედრების შედეგები

ეს დარჩიაშვილის პირველი ვიზიტია სომხეთში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში
Sputnik
თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. საქართველო და სომხეთი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს საზეიმოდ აღნიშნავენ, ამის შესახებ შეთანხმებას მიაღწია ერევანში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა თავის კოლეგა არატატ მირზოიანთან გამართულ შეხვედრაზე.
ეს დარჩიაშვილის პირველი ვიზიტია სომხეთში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში. ვიზიტის ფარგლებში ის ასევე სომხეთის ხელმძღვანელ პირებს შეხვდება.
დარჩიაშვილმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე იმსჯელა ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების და სატრანზიტო პოტენციალის განვითარებაზე.
საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ილია დარჩიაშვილი და არარატ მირზოიანი
მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა განავითარონ ქვეყნების ეკონომიკური პოტენციალი, ასევე სისტემატიურად ჩაატარონ ორმხრივი ეკონომიკური კომისიის სხდომები. საუბარი შეეხო ასევე ტურიზმის განვითარებას და კავშირებს კულტურისა და განათლების სფეროში.
ილია დარჩიაშვილმა მირზოიანი საქართველოში მოიწვია. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ ვიზიტი დიალოგის შემდგომი განვითარებისთვის კარგი იმპულსი გახდება.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დარჩიაშვილმა მოინახულა მემორიალური კომპლექსი „ციცერნაკაბერდი“ და სომხების გენოციდის მსხვერპლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ილია დარჩიაშვილი და არარატ მირზოიანი
საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 17 ივლისს დაამყარეს. ქვეყნები ბევრ სფეროში თანამშრომლობენ. ყველაზე ინტენსიურია თანამშრომლობა ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროებში. ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მოქმედებს და სომხეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის.
დიპლომატიური ურთიერთობების განმავლობაში საქართველომ და სომხეთმა ერთმანეთთან გააფორმეს საერთაშორისო მნიშვნელობის 88 დოკუმენტი ვაჭრობის, მეწარმეთა საკუთრების უფლებების დაცვის, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო მიმოქცევის წინააღმდეგ ბრძოლისა და სხვა სფეროებში.
წყარო - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო