იყავით ფრთხილად! საქართველოში „კინდერის“ საეჭვო პარტია გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, თუ შეძენილი აქვს პროდუქცია კონკრეტული პარტიებიდან, ის არ გამოიყენოს.
Sputnik
თბილისი, 29 აპრილი – Sputnik.სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „კინდერის“ შოკოლადის საეჭვო პარტიებთან დაკავშირებით ახალი შეტყობინება მიიღო. სააგენტო მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ არ გამოიყენონ Ferrero-ს მიერ წარმოებული პროდუქციის კონკრეტული სეგმენტი.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE) ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით ახალი შეტყობინება 28 აპრილს მიიღო. შეტყობინება ბელგიაში მდებარე Ferrero-ს ფაბრიკის მიერ წარმოებული სხვადასხვა დასახელების შოკოლადის პროდუქტის სალმონელის ბაქტერიით — Salmonella Typhimurium-ით სავარაუდო დაბინძურების ფაქტებს უკავშირდება.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შესაბამისი ღონისძიებები უკვე დაიწყო – იმპორტიორ კომპანიას დაავალა კონკრეტული პარტიების რეალიზაციიდან ამოღება ან/და ბაზარზე უკვე განთავსებულის ამოღება/გამოთხოვა, დასაწყობება, რაოდენობის აღრიცხვა და გატარებული ქმედებების თაობაზე სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირება. ამავდროულად ბიზნეს-ოპერატორთან ტარდება არაგეგმური ინსპექტირება.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, თუ შეძენილი აქვს პროდუქცია დასახელებული პარტიებიდან, ის არ გამოიყენოს. კონკრეტული პარტიების ნახვა კი შესაძლებელია ბმულზე - https://nfa.gov.ge/Ge/News/Details/372
ევროპაში – დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიასა და სხვა ქვეყნებში სალმონელას ასობით შემთხვევა დაფიქსირდა, განსაკუთრებით, 10 წლამდე ბავშვებში, რაც, სავარაუდოდ, დაკავშირებულია Ferrero-ს მიერ წარმოებული სხვადასხვა დასახელების „კინდერის“ შოკოლადის პროდუქტის Salmonella Typhimurium-ით დაბინძურების ფაქტთან.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით მიმდინარე წლის 7 აპრილსაც მიიღო შეტყობინება სხვადასხვა დასახელების შოკოლადის პროდუქტებში სალმონელას სავარაუდო არსებობის შესახებ, რის შემდეგაც მყისიერად დაიწყო კონკრეტული პარტიის გამოვლენის პროცედურები, თუმცა მაშინ საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე არცერთი საეჭვო პარტია არ გამოვლენილა.