საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა მცირდება - „საქსტატის“ ახალი მონაცემები

2021 წელს დაფიქსირდა როგორც მოსახლეობის უარყოფითი ბუნებრივი მატება, ისე უარყოფითი მიგრაციული სალდო.
Sputnik
თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. მიმდინარე წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში 3.688.600 ადამიანი ცხოვრობდა, რაც 1,1%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემები მოწმობს.

სამსახურის ცნობით, 2021 წელს დაფიქსირდა მოსახლეობის უარყოფითი ბუნებრივი მატება (-13.960) და უარყოფითი მიგრაციული სალდო (-25.966).

2022 წლის 1 იანვრის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 59,7% საქალაქო დასახლებებში ცხოვრობს. ამასთან, თბილისის მოსახლეობა ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედს შეადგენს.
რაც შეეხება მოსახლეობის ასაკს, 0-14 წლის მოქალაქეების წილი მთელ მოსახლეობაში 20,8%-ს შეადგენს, შრომისუნარიანი ასაკის მოქალაქეების წილი (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) – 63,7%-ს, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი − 15,5%-ს.
საქართველოში 1,770 მილიონი მამაკაცი და 1,919 მილიონი ქალია, რაც, შესაბამისად, არის 48% და 52%. ყოველ 100 ქალზე 92 მამაკაცი მოდის.
სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 2 წლით შემცირდა და 71,4 წელს შეადგენს. მამაკაცები საშუალოდ 67,5 წელს ცოცხლობენ, ქალები – 75,4 წელს.
2021 წელს ემიგრანტების რაოდენობამ 99.974 ადამიანი შეადგინა, რაც 34,6%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ხოლო იმიგრანტთა რაოდენობა 17,8%-ით შემცირდა და 74.008 ადამიანი შეადგინა.
ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლები საქართველოში
წყარო - „საქსტატი“