საქართველო და ესტონეთი დაცული ტერიტორიების მართვის გაუმჯობესებაზე იმუშავებენ

მემორანდუმი საქართველოსა და ესტონეთის ერთობლივი პროექტებისა და აქტივობების განხორციელებას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ესტონეთის გარემოსდაცვით ბორდს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამინისტროს ცნობით, მემორანდუმი, რომელიც ესტონეთში ლაჰემაას ეროვნულ პარკში (Lahemaa National Park) გაფორმდა, ორი ქვეყნის საუკეთესო გამოცდილების, ცოდნისა და ინფორმაციის გაზიარებას, ერთობლივი პროექტებისა და აქტივობების განხორციელებას ითვალისწინებს, რაც დაცული ტერიტორიების მართვის გაუმჯობესებისკენ იქნება მიმართული.
აღსანიშნავია, რომ ლაჰემაას ეროვნულ პარკში საქართველოს ეროვნული პარკების ფოტოგამოფენა გაიხსნა, რაც მსოფლიო მასშტაბით საქართველოს უნიკალური ბუნების პოპულარიზაციის შესაძლებლობას იძლევა.
ლაჰემაას ეროვნული პარკი ესტონეთში პირველი ეროვნული პარკია, ვიზიტორებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს და ერთ-ერთ უმთავრეს ტურისტულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ დავით იოსებაშვილმა, ესტონეთის გარემოს დაცვის სამინისტროს გენერალური მდივნის მოადგილემ მარკუ ლამპმა და გარემოსდაცვითი ბორდის გენერალურმა დირექტორმა რაინერ ვაკრამ.