თბილისი, 29 აპრილი – Sputnik.საქართველოს ნაკრებისა და ბათუმის „დინამოს“ შემტევმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა.
ბათუმური კლუბის ცნობით, 29 წლის ქართველმა ფეხბურთელმა აღნიშნული გადაწყვეტილება ხშირი ტრავმების გამო მიიღო.
„პირველ რიგში, გვინდა ჯანოს ჯანმრთელობა ვუსურვოთ და ჩვენი გუნდის მაისურით მოედანზე გატარებული თითოეული წუთისთვის მადლობა გადავუხადოთ. სამწუხაროდ, ტრავმების სიმრავლემ ჯანოს საფეხბურთო ნიჭის სრულად წარმოჩენის საშუალება არ მისცა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მან ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს უამრავი დადებითი ემოცია აჩუქა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
გადაწყვეტილების შესახებ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა თავად ფეხბურთელმაც. ჯანო ანანიძემ ქართული ფეხბურთისა და მის პირად გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ კარიერის განმავლობაში უამრავი დაზიანება გადაიტანა, თუმცა ბოლოდროინდელი ტრავმების სიხშირის გამო კარიერის დასრულების დრო დადგა.
„კარიერის განმავლობაში ძალიან ბევრი ვიბრძოლე, ბევრი ტკივილი ავიტანე, საოპერაციო მაგიდაზეც ბევრჯერ ვიწექი და არასდროს დამიშურებია ძალა იმისთვის, რომ ისევ ფეხზე დავმდგარიყავი. ბევრ გუნდში ვითამაშე, ტიტულებიც მოვიპოვე და მაყურებლის ტაშიც დავიმსახურე. ეს ყველაფერი ძალიან დამაკლდება, თუმცა ვთვლი, რომ უკვე დროა“, – დაწერა ანანიძემ.
ჯანო ანანიძე ბათუმის „დინამოს“ მიმდინარე სეზონის წინ შეუერთდა და 6 მატჩში 1 საგოლე პასი გააკეთა.
ანანიძემ კარიერის უმეტესი ნაწილი მოსკოვის „სპარტაკში“ გაატარა. მან ასევე ითამაშა „როსტოვში“, „კრილია სოვეტოვში“, „როტორში“, ფამაგუსტას „ანორთოსისსა“ და თბილისის „დინამოში“.
ანანიძეს საქართველოს ეროვნულ გუნდში დებიუტი 2009 წელს ჰქონდა იტალიის ნაკრებთან მატჩში. მაშინ ჯანო 16 წლის, 10 თვისა და 26 დღის იყო. საქართველოს ნაკრებში ანანიძე, ლევან ყენიას (სადებიუტო მატჩში ლევანი ჯანოზე 5 დღით უმცროსი იყო) შემდეგ, ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტია. ეროვნულ გუნდში ანანიძემ ჯამში 45 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.