ილია დარჩიაშვილმა არესტოვიჩის მორიგ განცხადებას გაუგებარი და დამაზიანებელი უწოდა

საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა უკრაინას ამ რთულ პერიოდში მაქსიმალურად დაეხმაროს, განაცხადა მინისტრმა.
Sputnik
თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მიიჩნევს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის ალექსეი არესტოვიჩის განცხადებები საქართველოს მთავრობის მისამართით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს დააზიანებს.
არესტოვიჩმა 28 აპრილს პროგრამა „ფეიგინ ლაივის“ ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას და განცხადებებს უკრაინის მიმართ ქართველი ხალხი არჩევნებზე შეაფასებს. ამასთან, საქართველოს პრემიერი და მინისტრები არესტოვიჩმა „ყურცქვიტებად“ მოიხსენია და ირონიული „მხურვალე მოკითხვა“ გადასცა.

„ჩვენ ვცდილობდით ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას, ამ რეჟიმში გავაგრძელებთ და სამწუხაროა, რომ მსგავსი ტიპის გაუგებარი განცხადებები ვრცელდება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ზიანს აყენებს ქვეყნებს შორის ურთიერთობას“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა უკრაინას ამ რთულ პერიოდში მაქსიმალურად დაეხმაროს.
მანამდე ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ საქართველოს აქვს ისტორიული შანსი დაიკავოს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, მაგრამ, მისი თქმით, საქართველო ამას არ აკეთებს და, მეტიც – რუსეთის პოზიციის გამართლებას ცდილობს.
არესტოვიჩს ასევე მიაჩნია, რომ საქართველოს მთავრობას საკუთარი ქმედებებითა და განცხადებებით რუსეთის კეთილგანწყობის მოპოვება სურს.
რუსეთმა ჯარი უკრაინაში 24 თებერვალს შეიყვანა. ვლადიმირ პუტინმა ამას „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის სპეცოპერაცია“ უწოდა. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციები გაამკაცრეს.