თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. საქართველოს ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მაისის დასაწყისში აჭარაში ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით მასშტაბურ საპროტესტო აქციებს აანონსებენ. ამის შესახებ პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა ელგუჯა ბაგრატიონმა განაცხადა.
სასამართლოს ბოლო სხდომაზე ექს-პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაიჩივლა, რომ თავს ცუდად გრძნობს და მას ცუდად მკურნალობენ. მისი თქმით, მას პრაქტიკულად არ შეუძლია საკვების მიღება და ამის გამო 12 კგ დაიკლო. მედიკოსების დახმარება სააკაშვილს სასამართლოს სხდომაზეც დასჭირდა. პენიტენციურ სამსახურში, თავის მხრივ, უარყვეს ინფორმაცია პატიმრის არასაკმარისი სამედიცინო მომსახურების თაობაზე.
„ექსპერტები და სპეციალისტები ღიად აცხადებენ, რომ მესამე პრეზიდენტს ესაჭიროება დაუყოვნებლივ უცხოეთში, სპეციალიზებულ სამკურნალო დაწესებულებაში მკურნალობა, რაზეც ხელისუფლება არ რეაგირებს, უფრო მეტიც, აკრძალეს მასთან ექიმების შეშვება, საკვების მიწოდება“, – განაცხადა ბაგრატიონმა ბრიფინგზე.
მისი თქმით, აღნიშნული ფაქტები აჩენს ეჭვებს, რომ ხელისუფლება „წამებითა და არაადამიანური მოპყრობით მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის მოსპობას ცდილობს“.
როგორც ბაგრატიონმა აღნიშნა, აქციები ბათუმში 6 მაისს დაიწყება.
„მანამ, სანამ აღნიშნული მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ჩვენ საგანგებო რეჟიმში მოგვიწევს მუშაობა. ვიწყებთ მშვიდობიან საპროტესტო აქციებს, რომელიც ყოველდღიურად გაიმართება სხვადასხვა ფორმით. პირველი აქცია გაიმართება 2022 წლის 6 მაისს, 19:00 საათზე რუსთაველის ქუჩაზე, ბათუმის უნივერსიტეტთან“, – განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ რამდენიმე დღის წინ სახელმწიფოს მეთაურს სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის მესამე პრეზიდენტის შეწყალების თხოვნით მიმართა.
გარდა ამისა, საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გამოვიდა რეკომენდაციით, რომ ჩამოყალიბდეს ექიმთა ჯგუფი, რომელიც გადაწყვეტს, სად და როგორი ფორმით აჯობებს ექს-პრეზიდენტის მკურნალობა. ლომჯარიას თქმით, არსებობს საკითხის გადაჭრის რამდენიმე გზა, მაგალითად, სასჯელის გადავადება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა და იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე“ უწოდეს.