თბილისის მერიამ საცხოვრებელი ფართი კიდევ ხუთ ოჯახს გადასცა

დედაქალაქში ამჟამად 400-მდე ოჯახია, რომელსაც უსახლკაროს სტატუსი აქვს, ყველა მათგანი უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალური საცხოვრებელი ფართით.
Sputnik
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. თბილისში მცხოვრები უსახლკარო ოჯახების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერიამ ხუთ ოჯახს ბინები გადასცა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
როგორც კალაძემ აღნიშნა, უსახლკარო ოჯახების პრობლემის მოგვარება მისი წინასაარჩევნო დაპირება იყო და ის ამ დაპირებას ასრულებს.
მისი თქმით, მიმდინარე წელს დაახლოებით 60 ოჯახი, მომდევნო წლებში კი საცხოვრებელი ფართით ყველა, 400 ოჯახი დაკმაყოფილდება.
თბილისის მერის თქმით, პარალელურად გრძელდება უსახლკაროს სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მოქალაქეების განცხადებების განხილვა, რისთვისაც შესაბამისი დოკუმენტაციის შეგროვებაა საჭირო. კალაძე მოუწოდებს მათ, ვისაც ეს პრობლემა აქვს, მიმართონ რაიონის გამგეობას ან დედაქალაქის მერიას.
თბილისის მერიამ საცხოვრებელი ფონდის შექმნა ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო, მიმდინარე წლიდან კი აღნიშნული პროგრამის რეალიზებას ახორციელებს.