საქართველოში სოციალური ქსელის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტი გამოავლინეს

პროკურატურა საზოგადოებას მოუწოდებს, სიფრთხილით მოეკიდონ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ინფორმაციებს შეღავათიანი კრედიტის ან სხვა სახის სარგებლის მიღებასთან დაკავშირებით.
Sputnik
თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
ბრალდებულს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.
უწყების ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სოციალურ ქსელში ყალბი გვერდი შექმნეს, სადაც განათავსეს ინფორმაცია, თითქოს ევროპაში აკრედიტებული საბანკო დაწესებულება 5 ათასიდან 1 მლნ ევრომდე ოდენობით შეღავათიან კრედიტს გასცემდა.

„დანაშაულში ჩართული პირების მითითებით შეღავათიანი სესხის მიღებით დაინტერესებული საქართველოს მოქალაქეების თანხები სასესხო განაცხადის რეგისტრაციის, კრედიტის სადაზღვევო და სხვა გამოგონილი მიზნებისთვის მოტყუებით ირიცხებოდა დამნაშავეებთან დაკავშირებული პირების საბანკო ანგარიშებზე როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი ბრალდებულის სახით არის დაკავებული. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლით წარედგინა, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით.
წყარო - საქართველოს პროკურატურა