პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აფრთხილებს საზოგადოებას, რომ Datacomm-სგან მიღებული ბმული შეიძლება ვირუსს ან მავნე პროგრამებს შეიცავდეს.
Sputnik
თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მოუწოდებს ყველა პირს, თავი შეიკავონ Datacomm-ის სახელით მიღებულ შეტყობინებებში მითითებული არასანდო ბმულის გახსნისგან.
როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, უწყებას დღეს, 27 აპრილს მიმართა არაერთმა პირმა, რომლებიც იდენტური შინაარსის გარემოებებზე უთითებდნენ.

„კერძოდ, მათ Datacomm-ის სახელით მიიღეს მოკლე ტექსტური შეტყობინებები, სადაც მითითებულია მათი სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ბმული (ე.წ. ლინკი)“, – აღნიშნულია განცხადებაში.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აფრთხილებს საზოგადოებას, რომ ბმული შეიძლება შეიცავდეს ვირუსს ან მავნე პროგრამებს (malware, spyware), რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ელექტრონულ მოწყობილობებში შენახულ პერსონალურ მონაცემებზე უკანონო წვდომა.
„მნიშვნელოვანია, რომ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაიცვათ კიბერუსაფრხოების წესები და თავი შეიკავოთ არასანდო და არაიდენტიფიცირებული შეტყობინებებით (SmS, Email, Messanger) მიღებული ბმულების გახსნისაგან“, – ნათქვამია განცხადებაში.
რადგან აღნიშნული ფაქტი, შესაძლოა, შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს, 2022 წლის 27 აპრილს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ სამსახურში შემოსული შეტყობინებები, წარმოდგენილ თანდართულ ფოტომასალასთან ერთად, შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.
წყარო - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური