თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ საგარეო პოლიტიკისა და უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ არცერთ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს, განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
„ნაციონალური მოძრაობა“ უახლოეს მომავალში გეგმავს რეზოლუციის პროექტის დარეგისტრირებას, რომელიც „უკრაინელი ხალხის გენოციდს“ ეხება.
„ჩვენ მათ („ნაცმოძრაობის“) არცერთ საგარეო რეზოლუციას არ განვიხილავთ, რადგანაც იგი მიმართულია ერთი და იმავე მიზნისკენ, რაც არის საქართველოში მეორე ფრონტის გაჩაღება. ამას არ დავუშვებთ. ნებისმიერი ასეთი პროვოკაციული ინიციატივა პირდაპირ კავშირშია საქართველოში ომის გაჩაღების ინტერესთან“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ის „ვისაც საქართველოში ომი უნდოდა, ციხეშია და იქ კიდევ დიდხანს იქნება“.
უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე მმართველმა პარტიამ არაერთხელ დაადანაშაულა „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოში მეორე ფრონტის გაჩაღების მცდელობაში და მთავარ ოპოზიციურ პარტიას „ომის პარტია“ უწოდა.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე. თუმცა, ყველა საერთაშორისო ფორმატის ფარგლებში ქვეყანამ უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა. კერძოდ, საქართველომ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას ორგანიზაციაში რუსეთის წარმომადგენლობის უფლების შეჩერების შესახებ, ასევე მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელიც გმობს რუსეთის ქმედებებს, შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს დონბასთან მიმართებით, ასევე იყო მათ შორის, ვინც ჰააგის ტრიბუნალს მიმართა უკრაინაში სავარაუდო სამხედრო დანაშაულების გამოძიების დაწყებისთვის.