COVID-19 - ბოლო ცნობები

ცერცვაძე: ჯანმომ „პაქსლოვიდის“ გამოყენებას ძლიერი რეკომენდაცია მიანიჭა

საქართველო არის რეგიონში პირველი და მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც პრეპარატი „პაქსლოვიდი“ მიიღო.
Sputnik
თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსით ინფიცირებულ პირებში „პაქსლოვიდის“ გამოყენებას ძლიერი რეკომენდაცია მიანიჭა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
კვლევებით დადგინდა, რომ „პაქსლოვიდი“ დაავადების განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების მაჩვენებელს 89%-ით ამცირებს, შესაბამისად, მსოფლიოში მასზე მოთხოვნა ძალზე მაღალია.

„22 აპრილს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ძლიერი რეკომენდაცია მისცა „პაქსლოვიდის“ გამოყენებას დაავადების დამძიმების/ჰოსპიტალიზაციის მაღალი რისკების მქონე მსუბუქი და საშუალო სიმძიმის არაჰოსპიტალიზებული ავადმყოფების სამკურნალოდ. პრეპარატით მკურნალობა დაწყებულ უნდა იქნეს სიმპტომების გამოვლენიდან არაუგვიანეს 5 დღის ინტერვალში. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 5 დღეს“, – დაწერა ცერცვაძემ.

მისი თქმით, „პაქსლოვიდს“ უკვე აქვს მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუციების (FDA, EMA, ჯანმო, NIH, IDSA და სხვ.) რეკომენდაციები.
მაღალი სანდოობის საერთაშორისო, მულტიცენტრული რანდომიზებული კლინიკური კვლევის (EPIC-HR) შუალედური შედეგების მიხედვით, დაავადების დამძიმების მაღალი რისკების მქონე არაჰოსპიტალიზებულ COVID-19-იან პაციენტებში „პაქსლოვიდი“ მნიშვნელოვნად – 89%-ით ამცირებს დაავადების დამძიმების, ჰოსპიტალიზაციის და/ან სიკვდილობის რისკებს.
საქართველომ Pfizer-ის მიერ შექმნილი COVID-19-ის სამკურნალო სპეციალური პრეპარატი „პაქსლოვიდი“ 22 მარტს მიიღო. „პაქსლოვიდი“, რომელიც აშშ-ის სურსათისა და წამლის სააგენტომ (FDA) უკვე დაამტკიცა, პირველი პრეპარატია, რომელიც კორონავირუსის სამკურნალოდ აბების სახით გამოიყენება.
ცერცვაძის განცხადებით, „რემდესივირისგან“ და ანტივირუსული მონოკლონური ანტისხეულებისგან განსხვავებით, აღნიშნული მედიკამენტები აბების სახით იწარმოება და მათი მიღება სახლის პირობებში მკურნალობის დროს შეიძლება.
ყველაფერი, რაც პრეპარატ „პაქსლოვიდზე“ უნდა იცოდეთ>>>
„პაქსლოვიდი“ წარმოადგენს ორი სხვა პრეპარატის - „ნირმატრელვირისა“ და „რიტონავირის“ კომბინაციას. მედიკამენტი ბლოკავს ვირუსის ცილების წარმოქმნის პროცესს, რის შედეგადაც ვირუსი კარგავს გამრავლების უნარს და ხდება არაქმედითუნარიანი.
„პაქსლოვიდის“გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით, თვითმკურნალობა დაუშვებელია. აღნიშნული პრეპარატის გამოყენება უკვე ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში რეკომენდებული არაა. უკვე შემუშავებულია „პაქსლოვიდის“ კოვიდ-პაციენტებისთვის ბინაზე მიწოდების კარგად გამართული სისტემა. მედიკამენტის პირველი დოზის მიღება ხდება ექიმის კონტროლით.
ამასთან, ცერცვაძემ განაცხადა, რომ ახალ პრეპარატს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩანაცვლება არ შეუძლია, რომელიც პანდემიის დაძლევის ერთადერთ საშუალებად რჩება.