„ბეტისი“ თბილისში აკადემიას ხსნის - კიდევ ერთი ესპანური კლუბი ქართულ ფეხბურთში

აკადემია 5-დან 18 წლამდე 200 მოთამაშეზეა გათვლილი, რომელიც ახალგაზრდებს საფეხბურთო უნარების გაუმჯობესების შესაძლებლობას მისცემს.
Sputnik
თბილისი, 24 აპრილი – Sputnik. საფეხბურთო კლუბი „ბეტისი“ საქართველოში ახალ საერთაშორისო პროექტს იწყებს, ესპანური გუნდი თბილისში აკადემიას გახსნის.
საფეხბურთო აკადემია თბილისში, წყნეთის დასახლებაში, ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის ბაზაზე ჩამოყალიბდება. აკადემიის გახსნის მიზანი საერთაშორისო სპორტული პროექტების გაფართოება და ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელების ესპანური ფეხბურთის გამოცდილების საფუძველზე მომზადებაა. წყნეთში ჩამოყალიბებულ აკადემიას ტექნიკურ მხარდაჭერას რეალ ბეტისის ფონდი გაუწევს, რომელიც მწვრთნელებს კლუბის აკადემიის მეთოდოლოგიით მოამზადებს.
„ახალი სპორტული პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში ფეხბურთის განვითარებას. ახალგაზრდა მოთამაშეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ესპანურ საფეხბურთო გამოცდილებას, ასევე სპორტულ და სოციალურ ღირებულებებს“, - ნათქვამია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ახალ სპორტულ პროექტში 5-დან 18 წლის ასაკის 200 მოთამაშე იქნება ჩართული, რომლებიც საფეხბურთო დონეს აიმაღლებენ. ამასთანავე, ქართული აკადემიის ფეხბურთელები სევილიაში ჩავლენ და ბეტისის ახალგაზრდულ გუნდთან ერთად გარკვეულ დროს გაატარებენ.
„ბეტისის“ თბილისის აკადემია კლუბის საერთაშორისო აკადემიების პროექტს შეუერთდება. ესპანური კლუბი მსგავს პროგრამებს მექსიკაში, ირანში, ზიმბაბვეში, ალჟირსა და აშშ-ში ახორციელებს. „ვალენსიასა“ და „ვილიარეალის“ შემდეგ ბეტისი მესამე ესპანური კლუბია, რომელიც ქართული ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაში პირდაპირ მონაწილეობას მიიღებს.