თბილისი, 23 აპრილი - Sputnik. საქართველოში ვრცელდება სეზონური რესპირატორული გრიპი, რომელიც განსაკუთრებით 2 წლამდე ბავშვებში ფიქსირდება, იუწყება „რუსთავი2“.
სპეციალისტები ჯერჯერობით განგაშს არ ტეხენ, მაგრამ მშობლებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. პედიატრები საუბრობენ იმაზე, რომ არასრულწლოვნებში გავრცელებული სეზონური გრიპი განსაკუთრებით ბრონქებს აზიანებს.
რესპირატორული დაავადების გამო კლინიკებზე დატვირთვა გაიზარდა, სპეციალისტები მოქალაქეებს დაავადებისგან თავის დასაცავად ხელის ხშირ დაბანას და ექიმთან დროულ კონსულტაციას ურჩევენ.
აღინიშნა, რომ სეზონური გრიპის ეს გამოვლინება განსაკუთრებით აქტიური ბოლო ორი წლის განმავლობაში გახდა და ხშირად უმეორდებათ გამოჯანმრთელებულ პაციენტებს.
სიმპტომები, რომელზეც მცირეწლოვანი ბავშვების მშობლები საუბრობენ, სეზონური ვირუსისთვისაა დამახასიათებელი და ერთი თვის განმავლობაში რამდენჯერმე შეიძლება გამეორდეს. სპეციალისტების განმარტებით, ინფექციის გავრცელების სავარაუდო წერტილები ხალხმრავალი სივრცეები და საბავშვო ბაღებია.
პედიატრები ვირუსის გააქტიურების ერთ-ერთ მიზეზად პანდემიის შემდგომ რესოციალიზაციას ასახელებენ. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ საქართველოში აპრილში გრიპი აქტიურად არ ფიქსირდებოდა, მაგრამ ამჯერად ვირუსი მაინც გავრცელდა. მაგალითად, თბილისში მდებარე ბოჭორიშვილის კლინიკაში 40 საწოლიდან ნახევარზე მეტი უკვე დაკავებულია.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“