თბილისი, 23 აპრილი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით მსჯავრდებულები შეიწყალა, ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პრეზიდენტის მიერ შეწყალებულია სულ რვა პატიმარი, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებენ.
საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების აქტი დღეს, 2022 წლის 23 აპრილს გამოსცა.
წინა შეწყალების აქტი პრეზიდენტმა მიმდინარე წლის 9 აპრილს გამოსცა. იმ დღეს შეწყალება შეეხო 15 მსჯავრდებულს, მათ შორის 7 ქალს. აღსანიშნავია, რომ შეწყალებულთაგან 6 მსჯავრდებული უკრაინის მოქალაქე იყო.
პრეზიდენტი საქართველოს სსკ-ის 78-ე მუხლის საფუძველზე ახორციელებს შეწყალებას ინდივიდუალურად განსაზღვრული პირის მიმართ; შეწყალების აქტით მსჯავრდებული შეიძლება გათავისუფლდეს სასჯელის შემდგომი მოხდისგან, ან მისთვის დანიშნული სასჯელი შეიძლება შემცირდეს ან შეიცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით. ასევე სასჯელმოხდილს შეწყალების აქტით შეიძლება მოეხსნას ნასამართლობა.
წყარო - პრეზიდენტის ადმინისტრაცია