COVID-19 - ბოლო ცნობები

„მოსახლეობა არ უნდა მოდუნდეს“: გამყრელიძის სააღდგომო რეკომენდაციები

ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ბოლო კვირების განმავლობაში ეპიდვითარება სტაბილურია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, პანდემია ჯერ ისევ გრძელდება
Sputnik
თბილისი, 23 აპრილი - Sputnik. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას სააღდგომო დღეებში ტაძრებში ყოფნისას პირბადის ტარებას და ტაძრებში დისტანციის დაცვას ურჩევს. ამის შესახებ გამყრელიძემ ტელეკომპანია „პირველი არხის“ ეთერში ისაუბრა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 24 აპრილს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღესრულება.
გამყრელიძის განცხადებით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, გაზრდილი მობილობის ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიდ თავშეყრებზე უარის თქმა და რეკომენდაციების დაცვა.
„აპრილში ქვეყანაში ეპიდსიტუაცია თანდათანობით დასტაბილურდა. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ შემცირდა ყველაზე მძიმე მაჩვენებელი – სიკვდილიანობა. შეგვიძლია, შევაჯამოთ და ვთქვათ, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სტაბილური და სრულად მართვადია. მაქსიმალურად შემცირებულია სამედიცინო სექტორის დატვირთვა. საავადმყოფოებში წევს სულ 334 პაციენტი“, — აღნიშნა მან.
თუმცა, რომგორც ეპიდემიოლოგმა გაგანაცხადა, მოსახლეობა არ უნდა მოდუნდეს, რადგან გარკვეულ ქვეყნებში ეპიდსიტუაცია უარესდება.
„სასურველია, რომ ვატაროთ პირბადე დახურულ სივრცეში. ამინდები პროგნოზით კარგია, შესაძლებელია ადამიანთა დიდი ნაწილი იყოს გარე სივრცეში. დავიცვათ დისტანცია. მოგეხსენებათ, მობილობის ზრდა ერთ-ერთი რისკფაქტორია. ამ დღეებში ქვეყანაში სერიოზულად გაიზრდება მობილობა. ამიტომ სააღდგომო დღეებში და განსაკუთრებით შემდგომ, როდესაც ახლობლების საფლავებზე გავდივართ, სასურველია, დაცული იყოს რეგულაციები“, — განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამასთან ცენტრის ხელმძღვანელმა მოსახლეობას კვლავ მოუწოდა ვაქცინაციისა და ბუსტერული დოზების გაკეთებისკენ, „ვინაიდანის კარგად იცავს ინფექციისგან“.
იანვარ–თებერვლის დასაწყისში საქართველო კორონავირუსის მეექვსე ტალღას ებრძოდა, რომელიც „ომიკრონ“ შტამს უკავშირდებოდა. აღნიშნულ პერიოდში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 20-24 ათასს აჭარბებდა. 31 იანვარს გამოვლინდა 26 ათასზე მეტი შემთხვევა. თებერვლის შუა რიცხვებიდან კი ეპიდვითარების მკვეთრი გაუმჯობესება დაიწყო. ბოლო დღეებში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 300-ს არ აჭარბებს. ეპიდემიოლოგები ფიქრობენ, რომ შემოდგომაზე კორონავირუსი კიდევ უფრო შესუსტდება და სეზონურ გრიპად იქცევა.