ოპერა „ქეთო და კოტეს“ თბილისში უჩვენებენ

ოპერის სადადგმო დირიჟორია რევაზ ტაკიძე, რეჟისორი – იოანე (ვანო) ხუციშვილი.
Sputnik
თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. ვიქტორ დოლიძის ოპერა „ქეთო და კოტეს“ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში 29, 30 აპრილს და 1 მაისს უჩვენებენ, ნათქვამია თეატრის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
მაყურებლის წინაშე წარდგება თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდი, ორკესტრი, ასევე „სუხიშვილების“ ნაციონალური ბალეტი.
ოპერის სადადგმო დირიჟორია რევაზ ტაკიძე, რეჟისორი – იოანე (ვანო) ხუციშვილი. ქორეოგრაფია ილიკო სუხიშვილს ეკუთვნის.
„ქეთო და კოტე“ ავქსენტი ცაგარლის პიესა „ხანუმას“ მოტივებზე შექმნილი სამმოქმედებიანი კომიკური ოპერაა. ოპერის პრემიერა 1919 წლის 11 დეკემბერს ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე შედგა. ამის შემდეგ იგი დაიდგა მოსკოვის დრამის თეატრსა და მოსკოვის სტანისლავსკის და ნემიროვიჩ-დანჩენკოს სახელობის მუსიკალურ თეატრში.