„ძალიან უადგილოა“ - ელისაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმებზე

დეპუტატი დარწმუნებულია, რომ ახლა საქართველოს პოლიტიკური კონსოლიდაცია სჭირდება.
Sputnik
თბილისი, 22 აპრილი – Sputnik. დეპუტატი პარტიიდან „მოქალაქეები“ ალეკო ელისაშვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გეგმებს მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყებასთან დაკავშირებით პოლიტიკურ შეცდომად მიიჩნევს.
„ნაციონალური მოძრაობა“ მასშტაბური საპროტესტო აქციების ჩასატარებლად ემზადება, სადაც ის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას აპირებს. პარტიის გეგმებზე დეპუტატმა „ნაცმოძრაობიდან“ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა მას შემდეგ, რაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში მოინახულა.
„ეს არის პოლიტიკური შეცდომა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ უშვებს... ძალიან უადგილოა, რა დროს ვადამდელის მოთხოვნაა?! ახლა ჩვენი ქვეყანა ბეწვის ხიდზე გადის და ეს ბეწვის ხიდი ძალიან ქანაობს“, – განაცხადა ელისაშვილმა.
დეპუტატი დარწმუნებულია, რომ ახლა საჭიროა პოლიტიკური კონსოლიდაცია და არა ლაპარაკი ახალ არჩევნებზე.
პარტიის დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილი იმედოვნებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აქციებზე 200 ათას ადამიანამდე შეკრებს.
კონკრეტულად „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმების შესახებ, თუ როგორ დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში, სააკაშვილს 20 აპრილს სასამართლო პროცესის დროს უნდა ესაუბრა.
„ნაცმოძრაობის“ აქციებზე პარტიის დაშლა უნდა იზეიმონ - დეპუტატი>>
თუმცა მოლოდინი არ გამართლდა. ექს-პრეზიდენტი მხოლოდ ზოგადი განცხადებით შემოიფარგლა. ნურავინ ნუ ელოდება რაღაც საიდუმლო გეგმებსა და კონსპირაციას, ყველაფერი ზედაპირზე დევს, განაცხადა სააკაშვილმა.