დღეს სამების საკათედრო ტაძარში ფეხთბანვის რიტუალი არ შესრულდება

დიდ ხუთშაბათს ქრისტიანული სამყარო ოთხ უმნიშვნელოვანეს სახარებისეულ მოვლენას იხსენებს: საიდუმლო სერობას, მაცხოვრის მიერ მოწაფეებისთვის ფერხთბანას, გეთსიმანიის ბაღში ლოცვასა და იუდას გამცემლობას.
Sputnik
თბილისი, 21 აპრილი – Sputnik. სამების საკათედრო ტაძარში დიდი ხუთშაბათის მსახურების შემდეგ ფეხთბანვის რიტუალი არ შესრულდება.
ტრადიციულად ამ დღეს, წირვის დასრულების შემდეგ ფეხთბანვის რიტუალი სრულდებოდა, რომლის დროსაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 12 მღვდელმსახურს ფეხს ბანდა. თუმ­ცა წელს ეს რი­ტუ­ა­ლი არ შეს­რულ­დე­ბა. სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში ღვთის­მსა­ხუ­რე­ბას სა­პატ­რი­არ­ქოს ტახ­ტის მო­საყ­დრე, სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუს მიტ­რო­პო­ლი­ტი შიო აღავ­ლენს.
ვნების შვიდეულში დიდი ხუთშაბათი განსაკუთრებული დღეა – ამ დღეს ქრისტემ უკანასკნელი სერობა გაუმართა 12 მოციქულს და თავის მოწაფეებთან უკანასკნელი საღამო გაატარა.
საიდუმლო სერობის დაწყებამდე მაცხოვარმა თავისი მოწაფეების ფეხები განბანა და ამით სიყვარულისა და თავმდაბლობის მაგალითი გვიჩვენა.
დიდი ხუთშაბათი - ვნების კვირის გამორჩეული დღე
დიდი ხუთშაბათი იმითაცაა გამორჩეული, რომ ეს ერთადერთი დღეა მთელი წლის განმავლობაში, როცა მირონის კურთხევა შეიძლება.
დიდი ხუთშაბათის საღამოს თორმეტგზის სახარების კითხვა, ანუ დიდი პარასკევის ცისკარი სრულდება, რომლის დროსაც ე.წ. თორმეტი სახარება, ანუ ოთხი სახარებიდან ამოკრებილი 12 ნაწყვეტი იკითხება. მათში იესო ქრისტეს ის ვნებებია აღწერილი, რომლებიც ჯვარცმამდე შეემთხვა. „თორმეტი სახარების" კითხვისას მორწმუნენი ანთებული სანთლებით ხელში დგანან. ყოველი სახარების წაკითხვის შემდეგ სამრეკლოს ზარი იმდენჯერ ჩამოჰკრავს, რიგით მერამდენე სახარებაც იკითხება.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში თორმეტგზის სახარების კითხვა 19:00 საათზე დაიწყება.