თბილისი, 21 აპრილი – Sputnik. ხელვაჩაურში საქართველოს ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი გაქურდეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ტელეარხის ცნობით, ქურდებმა პერსონალური კომპიუტერი მოიპარეს. შემთხვევა ხუთშაბათს, დილის 04:00 საათზე მოხდა, როცა ოფისში არავინ იმყოფებოდა.
პარტიის რაიონული ოფისის ხელმძღვანელის მიხეილ ბოლქვაძის თქმით, მოპარულ კომპიუტერში მნიშვნელოვანი ინფორმაცია ინახებოდა. პოლიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ ქურდობის უკან ხელისუფლებისა და სპეცსამსახურების წარმომადგენლები იდგნენ.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც „ქურდობას“ გულისხმობს.