თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. საქართველოს საგარეო ბრუნვა 2022 წლის იანვარი–მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 38%-ით გაიზარდა და 3,9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
საანგარიშო პერიოდში საქართველოდან გავიდა 1,2 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქცია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 43,3%-ით მეტია.
„საქსტატის" მონაცემებით, 2022 წლის დასაწყისიდან ქვეყანაში იმპორტირებულია 2,7 მლრდ დოლარის პროდუქცია, რაც 2021 წლის იანვარი–მარტის მაჩვენებელზე 35,7%-ით მეტია.
2022 წლის დასაწყისიდან უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 1,5 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 30,5%-ით მეტია.
რით ვაჭრობს საქართველო
საქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ – სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, მსუბუქი ავტომობილები, ნატურალური ღვინო, ალკოჰოლური სასმელები, მინერალური წყლები, ოქრო, თხილი და სხვ.
2022 წლის იანვარი–მარტში ყველაზე მეტად გაიზარდა აზოტის სასუქის (166%), ფეროშენადნობების (91,3%), ძვირფასი ლითონების მადნებისა და კონცენტრატების (75,4%) ექსპორტი. ამასთან, მიმდინარე წლის დასაწყისიდან დაეცა სპირტიანი სასმელების (22,8%) ექსპორტი.
საქართველოში შემოდის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სამკურნალო საშუალებები, ხორბალი, ელექტროენერგია, სატელეფონო აპარატები და სხვ.
საანგარიშო პერიოდში გაიზარდა ქიმიური პროდუქციის (404,4%), გამომთვლელი მანქანების და მათი ბლოკების (133,9%), შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციებისა და მათი ნაწილების (195,3%) იმპორტი. ამასთან, წლის დასაწყისიდან შემცირდა ელექტროენერგიის (5,7%) იმპორტი.
ვისთან ვაჭრობს საქართველო
საქართველოს მსხვილ სავაჭრო პარტრნიორებს შორის პირველი ადგილი თურქეთს უკავია. მეზობელ ქვეყანასთან საგარეო ბრუნვამ 2022 წლის პირველ კვარტალში 562,4 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 14,6%-ია.
საქართველოს სავაჭრო პარტრნიორების ათეულში არიან ასევე ჩინეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი, აშშ, სომხეთი, ბულგარეთი, უკრაინა, გერმანია და რუმინეთი.