თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. რიკოთის უღელტეხილზე, რომელიც აღმოსავლეთი–დასავლეთის საერთაშორისო ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია, 80%-ზე მეტ მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.
რიკოთზე საერთო ჯამში დაგეგმილია 51,6 კმ-მდე სიგრძის მაგისტრალური ოთხზოლიანი გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. ახალი გზა საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს ითვალისწინებს.
„დიდი პროგრესია რიკოთის გვირაბის მშენებლობის მიმართულებით... 80%-ზე მეტ უბანზე მიმდინარეობს სამუშაოები. უკვე დასრულებულია კონკრეტული გვირაბებიც“, – განაცხადა ქარსელაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
მინისტრის თქმით, აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს ხიდებზე და სხვა ხელოვნურ ნაგებობებზე, ასევე გზის საფუძველზე. აღნიშნული პროექტები კონტრაქტით გათვალისწინებულ ვადებში სრულდება.
„წელს ველოდებით კონკრეტული მონაკვეთების დასრულებას, რაც რეალურად მოგვცემს შესაძლებლობას, რომ უკვე წელს გვქონდეს დანაზოგი დროში“, – განაცხადა მინისტრმა.
რიკოთის უღელტეხილზე გზის მშენებლობის დასრულება 2022 წლისთვის არის დაგეგმილი, ხოლო მისი ექსპლუატაციაში მთლიანად გაშვება 2023 წელს იგეგმება.
აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.