თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. ქუთაისისთვის უახლოეს მომავალში შემუშავდება „მწვანე ქალაქის“ განვითარების სტრატეგია, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა.
თანდილაშვილმა მონაწილეობა მიიღო სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტის „ქუთაისის დაბალემისიიანი განვითარება ურბანული დაგეგმარების გზით“ პრეზენტაციაში. პროექტის მიზანია ქუთაისის ურბანული განვითარებისთვის ინსტიტუციური ჩარჩოს შექმნა, ინვესტიციების მოზიდვა დაბალემისიური ტრანსპორტისა და მიწის სტაბილური მართვის საუკეთესო პრაქტიკის სადემონსტრაციოდ.
„პროექტის ფარგლებში საკმაოდ საინტერესო აქტივობები განხორციელდება. ქუთაისისთვის „მწვანე ქალაქის“ განვითარების გეგმა და სტრატეგია შეიქმნება, მოეწყობა ველობილიკები. იგეგმება თანამედროვე ავტობუსების შეძენა, რაც შიდა სატრანსპორტო ქსელის განვითარებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა თანდილაშვილმა.
ასევე, მისი თქმით, ქუთაისთან აღდგება 700 ჰა ფართობის ტყე, რაც ეკოსისტემის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია.
პრეზენტაციაში მონაწილეობდნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების და კერძო სექტორის წარმომადგენლები. ღონისძიებაზე ისაუბრეს მიზნებზე, დაგეგმილ ღონისძიებებსა და პროექტის სამუშაო გეგმაზე. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს მოსალოდნელი შედეგები და თანამშრომლობის გზები.
პროექტი სამ წელზეა გათვლილი – 2022–2025. ის დაფინანსდება გლობალური ეკონომიკური ფონდის (UNDP) მიერ და განხორციელდება გაეროს გარემოს პროგრამის მიერ კავკასიის რეგიონული ეკოლოგიური ცენტრის (REC- Caucasus) მეშვეობით. პროექტის უშუალო ბენეფიციარია ქუთაისის მერია.
თანდილაშვილის განცხადებით, მსგავსი პროექტების ინიცირება მუნიციპალურ დონეზე ცენტრალური ხელისუფლების ჩართვით მომავალშიც გაგრძელდება. ეს ხელს შეუწყობს „მწვანე“ ინიციატივების რეალიზაციასა და წახალისებას.