საქართველოში პოლიტიკური გარემო ძალზე პოლარიზებულია - ჯეიმს აპატურაი

ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პარლამენტში სიტყვით გამოვიდა.
Sputnik
თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. ნატო საქართველოში რეფორმების გაგრძელებასა და პოლიტიკური პოლარიზების შემცირებას უჭერს მხარს, განაცხადა ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ უსაფრთხოების გამოწვევების საკითხებში ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს პარლამენტში შეხვედრების შემდეგ.
„ნატოს სურს იხილოს საქართველოს მხრიდან რეფორმების გაგრძელება, გვსურს ვიხილოთ ნაკლებად პოლარიზებული პოლიტიკური გარემო. გვინდა ვნახოთ, რომ მთავრობა და ოპოზიცია ერთად მუშაობენ, რომ გადაწყვეტილებები პოლიტიკური უთანხმოების მიღმა მიიღება“, – განაცხადა აპატურაიმ, იუწყება პირველი არხი.
მისი თქმით, საქართველოში „ძალზე პოლარიზებული გარემოა“.
„ნატოს წევრი ქვეყნების მთავრობები ამას სიფრთხილით ეკიდებიან“, – აღნიშნა აპატურაიმ.
ამასთან, მან დადებითად შეაფასა, რომ საქართველოს მისწრაფებას ნატოში ქვეყანაში მრავალპარტიული მხარდაჭერა აქვს.
აპატურაი ასევე შეეხო უკრაინის მოვლენებს. მისი თქმით, საქართველო გეოგრაფიისა და უსაფრთხოების კუთხით ძალიან რთულ გარემოში იმყოფება. მან აღნიშნა, რომ ნატოს ქვეყნებს სურთ, რომ თანამოაზრე ქვეყნებმა უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთზე ზეწოლისთვის მაქსიმუმი გააკეთონ.
საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინის მოვლენების შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარი განაცხადა და ეს იმით ახსნა, რომ ამის გამო საქართველო უფრო მეტად დაზარალდება. ამასთან საქართველო იცავს საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს, ასევე უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უცხადებს.