ძიუდო: ევროპის ჩემპიონატზე 11 ქართველი სპორტსმენი გაემგზავრება

ბულგარეთის დედაქალაქში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე 11 ქართველი ძიუდოისტი – 9 კაცი და 2 ქალი იასპარეზებს.
Sputnik
თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში დაგეგმილ ძიუდოში ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობას 11 ქართველი სპორტსმენი მიიღებს.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ დასკვნით შეკრებას წყალტუბოში გადის, სადაც 26 აპრილამდე ივარჯიშებს, 27 აპრილს კი სოფიაში გაფრინდება.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებიდან 9 ვაჟი და 2 ქალი ძიუდოისტი იასპარეზებს.
აღსანიშნავია, რომ განაცხადშია ვარლამ ლიპარტელიანიც, რომელმაც ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შემდეგ კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა. მიუხედავად ამისა, საქართველოს ნაკრების კაპიტანი საკლუბო ტურნირებზე პერიოდულად ასპარეზობდა, ახლა კი ლაშა გუჯეჯიანის რჩეულთა სიაშიც მოხვდა.
საქართველოს ნაკრების სრული შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატისთვის კი ასე გამოიყურება:
მამაკაცები: ლუხუმ ჩხვიმიანი, ჯაბა პაპინაშვილი (ორივე 60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), ლუკა მაისურაძე (90 კგ), ილია სულამანიძე, ვარლამ ლიპარტელიანი (ორივე 100 კგ), გურამ თუშიშვილი (+100 კგ).
ქალები: ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), სოფიო სომხიშვილი (+78 კგ).
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ევროპის ჩემპიონატი 29 აპრილს დაიწყება და 1 მაისს დასრულდება.