„წმინდა ნაწილები“: თბილისში უჩვეულო სპექტაკლის პრემიერა გაიმართება

რელიგია, შავი იუმორი და მონაზონის ცხოვრება – სამეფო უბნის თეატრი მაყურებლებს საინტერესო სპექტაკლზე იწვევს.
Sputnik
თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. თბილისში, სამეფო უბნის თეატრის სცენაზე 20 აპრილს დრამატურგ ვალერი ოთხოზორიას პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის „წმინდა ნაწილების“ პრემიერა გაიმართება.
პიესის სიუჟეტის ცენტრშია ნაზი – ახალგაზრდა მონაზონი. მის ცხოვრებაში არავინ და არაფერი არ არის ჩვეულებრივი: ის დარწმუნებულია, რომ დიდი მისია აკისრია, მის ხელთაა ქვეყნიერების გადარჩენა.

„ამ იდეით ფანატიკურად შეპყრობილი ნაზი არნახული ძალადობის გზას დაადგება. საზოგადოება ორად იყოფა, ვიღაცას ქალი წმინდანად მიაჩნია, ვიღაცა კი მის განადგურებას მოითხოვს. თავგადასავლებითა და გაბედული სიუჟეტური სვლებით სავსე პიესა თითქოს ამოწმებს დაშვებულის საზღვრებს და ამას თავბრუდამხვევი, შავი იუმორის გრძნობით ახერხებს“, – აღნიშნავენ თეატრში.

სპექტაკლის რეჟისორია ილია ქორქაშვილი, დადგმის ხელმძღვანელი – დათა თავაძე, სცენოგრაფია – ქეთი ნადიბაიძე.
მთავარ როლებში მონაწილეობენ მსახიობები: მაგდა ლებანიძე, კატო კალატოზიშვილი, სალომე მაისაშვილი, იაკო ჭილაია, ქეთა შათირიშვილი, გიორგი შარვაშიძე, გიორგი ყორღანაშვილი, ზაალ ჩიქობავა.
პროექტი ხორციელდება სამეფო უბნის თეატრისა და თანამედროვე თეატრალური ხელოვნების განვითარების ცენტრის თანამშრომლობითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით.
სპექტაკლ „წმინდა ნაწილების“ საპრემიერო ჩვენებები ასევე გაიმართება 21 აპრილს, 6 და 7 მაისს, 20:00 საათზე. ბილეთები უკვე იყიდება სამეფო უბნის თეატრის სალაროსა და ვებ-გვერდზე: biletebi.ge.