თბილისში იხსნება გამოფენა „ცხოვრება იესო ქრისტესი“

გამოფენის სტუმრები დაათვალიერებენ რელიგიურ თემატიკაზე შექმნილ ნამუშევრებს და სურვილის შემთხვევაში – შეიძენენ.
Sputnik
თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. ქართველი მხატვრის მამია მალაზონიას ნამუშევრების გამოფენა „ცხოვრება იესო ქრისტესი“ და „ფსალმუნი მეფე დავითის“ N9 Gallery-ში დღეს, 19 საათზე იხსნება.
ექსპოზიციის სტუმრები შეძლებენ რელიგიურ თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრების დათვალიერებას და სურვილის შემთხვევაში – შეძენას.
მამია მალაზონია 1936 წელს ოზურგეთში დაიბადა. 1962 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. სხვადასხვა დროს იყო მთავარი მხატვარი რუსთაველის, მარჯანიშვილის სახელობის, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრებში.
მას გაფორმებული აქვს სპექტაკლები რუსთავის დრამატულ თეატრში, მინსკის ოპერისა და ბალეტის თეატრში. ასევე ქმნიდა ესკიზებს კინოფილმებისთვის, მუშაობდა წიგნის გრაფიკაზე.
მისი ნამუშევრები ინახება საქართველოს ეროვნულ გალერეაში, სახელმწიფო სამხატვრო მუზეუმში, მოსკოვის თეატრის მუზეუმში, ტრეტიაკოვის გალერეაში, საქართველოს, საფრანგეთის, ინგლისის, გერმანიის, აშშ-ის კერძო კოლექციებში.
მამია მალაზონია საქართველოს სახალხო მხატვარია. არის გალაკტიონ ტაბიძის და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიების მფლობელი.