თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. მსოფლიო ბანკმა გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4,1 პროცენტიდან 3,2 პროცენტამდე შეამცირა. ამის შესახებ ორგანიზაციის დირექტორმა დევიდ მილპასმა განაცხადა.
მისი თქმით, ეკონომიკური ზრდა შენელდება რუსეთ–უკრაინის კონფლიქტის, ჩინეთში ახალი კოროვირუსული შეზღუდვების, სასუქების, ენერგომატარებლების ფასებისა და საპროცენტო განაკვეთების ზრდის მაღალი ალბათობის გამო.
როგორც მილპასმა აღნიშნა, მსოფლიო ბანკის დირექტორთა საბჭო უახლოეს მომავალში განიხილავს დაახლოებით 170 მილიარდი დოლარის ოდენობის ღონისძიებათა პაკეტს 2022 წლის აპრილიდან 2023 წლის ივნისამდე პერიოდისთვის. დაფინანსება ნაწილობრივ დაეხმარება უკრაინელი ლტოლვილების მასპინძელ ქვეყნებს და ასევე იმ ქვეყნებს, რომლებიც სურსათის დეფიციტს განიცდიან.
მსოფლიო ბანკის წინა პროგნოზის თანახმად, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ევროპისა და ცენტრალური აზიის ეკონომიკა 4%-ზე მეტით დაიკლებს. ამასთან რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 11%-ით, ხოლო უკრაინისა — 45%-ით შემცირდება.
დანარჩენი მსოფლიოსთვის რუსული სამხედრო ოპერაციის შედეგები დაკავშირებული იქნება სავაჭრო ჯაჭვებისა და ეკონომიკური კავშირების შეწყვეტასთან, ასევე პროდუქტებისა და ენერგორესურსების გაძვირების გამო ინფლაციის ზრდასთან.
საქმე ისაა, რომ რუსეთისა და უკრაინის წილად ხორბლის მსოფლიო მიწოდებების მეოთხედი მოდის. რუსეთი ასევე აწვდიდა ევროპას გაზის 47 პროცენტს და სასუქების 13 პროცენტს.
აღინიშნება, რომ მიმდინარე ომის გამო მსოფლიო ბანკის შეფასებები მიახლოებითია და ორგანიზაციის მონაცემები შეიძლება შეიცვალოს.