საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს თბილისში ახალი შენობა ექნება

მშენებლობა განხორციელდება საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობის მასშტაბური სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.
Sputnik
თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორთაჭალაში ახალი შენობა ექნება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ორშაბათს გამართულ მთავრობის სხდომაზე.
მშენებლობა განხორციელდება საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობის მასშტაბური სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. მთავრობა აპირებს ბანკების წინაშე იმ სამშენებლო კომპანიების გარანტორად გამოსვლას, რომლებიც სახელმწიფოსთვის ააშენებენ. ხოლო კომპანიებს ამ ფულს მომდევნო სამი-ხუთი წლის განმავლობაში გადაუხდის.

„ეკონომიკის სამინისტროს შვიდი წელია არ აქვს თავისი შენობა, რაც, რა თქმა უნდა, სირცხვილია. ამიტომ ლევან დავითაშვილთან ერთად ვისაუბრეთ და გადავწყვიტეთ, რომ გვაქვს უნიკალური ადგილი ორთაჭალაში“, – განაცხადა პრემიერმა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობას.
„საგარეო საქმეთა სამინისტროზე მინდა ვთქვა: ასევე დიდი გამოწვევაა არსებული შენობის მდგრადობა და აუცილებელია რეაბილიტაციის დაწყება. წელსვე გვინდა, რომ ეს პროექტი დავიწყოთ, ამას ილია დარჩიაშვილი განახორციელებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
უკვე რამდენიმე წელია, ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლების ნაწილი იუსტიციის სახლის შენობაში მუშაობენ. ჭანტურიას ქუჩაზე, წინა შენობის ადგილზე მალე ახალი სასტუმრო გაიხსნება. ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი შენობა ხუთი წლის წინ ინვესტორმა Hualing Group-მა აუქციონზე შეიძინა 9,4 მილიონ დოლარად.