საქართველოში აკაკი შანიძის სახლ-მუზეუმს აღადგენენ

შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რესტავრაციის შემდეგ ის პირვანდელ სახეს მიიღებს.
Sputnik
თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნოღაში აკაკი შანიძის სახლ-მუზეუმის შენობის რეაბილიტაციისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის პროექტს მოამზადებს.
შესაბამისი ტენდერი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ უკვე გამოაცხადა.
რეაბილიტაციისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 29.661 ლარს შეადგენს.
საპროექტო დოკუმენტაციაზე მუშაობის დასრულების შემდეგ შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება და მოწესრიგდება ეზოს ტერიტორია.
შენობა წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს და ის სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბალანსზეა.
აღნიშნულია, რომ ძეგლის რესტავრაციისას მაქსიმალურად შენარჩუნდება და აღდგება მისი იერსახე. დეტალურად დაფიქსირდება, აიზომება და ფოტომასალაზე აისახება ყველა არქიტექტურული ელემენტი შენობის ექსტერიერსა თუ ინტერიერში.
უდიდესი ქართველი ენათმეცნიერის აკაკი შანიძის სახლ-მუზეუმი მეცნიერის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 1987 წელს გაიხსნა. ამჟამად შენობა დაზიანებულია და სამუზეუმო ნივთები დროებით გატანილია შენობიდან.