პაპუაშვილი: „ნაცმოძრაობა“ უკრაინის თემით მანიპულირებს

ძალაუფლებისკენ ლტოლვა კიდევ ერთხელ აჩვენებს პოლიტიკური ლანდშაფტის ნაწილის უმწიფრობას, აღნიშნა პაპუაშვილმა.
Sputnik
თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი მიზნების მისაღწევად უკრაინის თემას არაკეთილსინდისიერად იყენებს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას მკაცრად აკრიტიკებენ მისი გადაწყვეტილების გამო – არ შეუერთდნენ დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. მმართველი პარტია თავის პოზიციას იმით ხსნის, რომ სანქციებზე შეერთებით, პირველ რიგში, თავად საქართველო დაზარალდება, და ოპოზიციონერებს ქვეყნის ომში ჩათრევის მცდელობაში ადანაშაულებს.

„ნაციონალური მოძრაობისთვის“ სულ ერთია საქართველო, უკრაინა, სამშობლო, მეგობარი, სიცოცხლე, სიკვდილი. ეს ყველაფერი არის მხოლოდ საბაბი, ინსტრუმენტი, ხოლო მთავარი ფასეულობა და ღირებულება არის ძალაუფლება. ყველა დანარჩენი მხოლოდ ინსტრუმენტებია, რომელთაც ისინი სხვადასხვა დროს არაკეთილსინდისიერად იყენებდნენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

მისი თქმით, თვალსაჩინოა მათი დამოკიდებულება სამშობლოსა და სხვა ქვეყნისადმი.
„ისინი მანიპულირებენ ადამიანის სიცოცხლითა და გარდაცვალებით, ერთადერთი მიზნით, რომ როგორმე შეიტანონ ისტერიკა პოლიტიკაში, მღელვარება და შფოთი საზოგადოებაში იმისთვის, რათა ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება. სამწუხაროა ის, რასაც ჩვენ ვხედავთ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ძალაუფლებისკენ ლტოლვა კიდევ ერთხელ აჩვენებს პოლიტიკური ლანდშაფტის ნაწილის უმწიფრობას. ამასთან, პაპუაშვილი დარწმუნებულია, რომ როგორიც არ უნდა იყოს პოლიტიკური ძალა, უმჯობესია იგი პარლამენტში იყოს წარმოდგენილი.
ღარიბაშვილი: საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს პროვოკაციებს ქვეყანაში>>>
„პარლამენტი მაინც გარკვეულ ჩარჩოში აქცევს პოლიტიკურ ნაკადს. უმჯობესია ისინი იყვნენ პარლამენტში. თუ მათ რაიმე აქვთ სათქმელი, თქვან პარლამენტიდან, დანარჩენს უკვე მოქალაქეები გადაწყვეტენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამ დროისათვის საპარლამენტო უმცირესობა – ოპოზიციური ფრაქციები და პოლიტიკური ჯგუფები 61 დეპუტატს აერთიანებს. ამასთან, თითოეულ მათგანს საკუთარი დღის წესრიგი და ინიციატივები აქვს.
რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, იგი საკანონმდებლო ორგანოში 30 დეპუტატითაა წარმოდგენილი.