თბილისი, 17 აპრილი— Sputnik. საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის ქართული ენის შესწავლის უფასო კურსები ამოქმედდა, ნათქვამია განათლების სამინისტროს განცხადებაში.
უწყების მხარდაჭერით ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ყველა მსურველს სპეციალურად მათზე მორგებულ ქართული ენის სასწავლო პროგრამას სთავაზობს.
„აღნიშნული პროგრამა საქართველოში მყოფ უკრაინელებს შესაძლებლობას აძლევს, მოკლე დროში შეისწავლონ ქართული ენა, რაც მათ ახალ გარემოსთან ადაპტაციასა და ადგილობრივებთან ინტეგრაციის პროცესში დაეხმარება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ქართული ენის შემსწავლელ უკრაინელთა პირველი ჯგუფი ბათუმში მეცადინეობას უკვე შეუდგა. პროგრამის პრეზენტაცია და პირველი გაკვეთილი უკრაინის მოქალაქეებისთვის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაატარეს.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ ქართული ენის შესწავლის მსურველთა რაოდენობის გათვალისწინებით, სკოლა მზადაა, მეცადინეობები ჰიბრიდულ ან სრულად დისტანციურ რეჟიმში განახორციელოს.
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისა და ქართული ენის შესწავლით დაინტერესებული სხვა პირებისთვის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამას 2014 წლიდან ახორციელებს.
პროგრამა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
ამ ეტაპზე ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში, ბენეფიციარებზე ორიენტირებული სწავლა-სწავლების მეთოდების გამოყენებით, 27 სხვადასხვა პროგრამა და მოკლევადიანი კურსი ხორციელდება როგორც დასწრებითი, ისე დისტანციური მეთოდით. დღემდე აღნიშნული პროგრამებით ეროვნული უმცირესობის 23 ათასზე მეტმა წარმომადგენელმა, მათ შორის 6.857-მა პედაგოგმა ისარგებლა.