საქართველოს ცენტრალურ ავტომაგისტრალზე შეზღუდვა დაწესდა

ავტოტრანსპორტის მოძრაობა თბილისიდან ბათუმამდე მიმავალი საავტომობილო გზის 155-ე კილომეტრზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების გამო აიკრძალება.
Sputnik
თბილისი, 17 აპრილი – Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე 18-19 აპრილს ავტოტრანსპორტის მოძრაობა ყოველ საათში 10-15 წუთის ინტერვალით შეიზღუდება, ნათქვამია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებგვერდზე.
ეს შეზღუდვა 03:00 საათიდან 06:00 საათამდე იმოქმედებს. დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში განმავლობაში მოძრაობა თავისუფალია.
უწყების ცნობით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა სამშენებლო სამუშაოების გამო თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 155-ე კილომეტრზე (ხევი-უბის მონაკვეთზე) აიკრძალება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაცია „ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფის“ საქართველოს ფილიალი, რომელიც ახორციელებს რიკოთის უღელტეხილზე ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობას, იმ დროს ხიდზე რკინა-ბეტონის წინასწარ დაძაბულ კოჭებს დაამონტაჟებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.
ხევი–უბისა რიკოთი–ზესტაფონის საავტომობილო გზის ურთულესი მონაკვეთია, რომლის სიგრძე 12,2 კილომეტრია. პროექტი ითვალისწინებს ოთხზოლიანი გზის, 8,3 კმ საერთო სიგრძის 37 ხიდის და 9,4 კმ საერთო სიგრძის 20 გვირაბის მშენებლობას. გზის მშენებლობა 2024 წელს უნდა დასრულდეს.
რიკოთის უღელტეხილზე მთლიანობაში დაგეგმილია 51,6 კილომეტრი სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც მოიცავს 96 ხიდსა და 53 გვირაბს.
აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი).
საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.
წყარო - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი