თბილისი, 17 აპრილი – Sputnik. რაგბის ქართული გუნდი „შავი ლომი" ძალიან ახლოს არის „რაგბი ევროპის“ სუპერთასის მოგებასთან.
ტურნირის ნახევარფინალში თბილისურმა გუნდმა ესპანელ „იბერიელებს" უმასპინძლა და ანგარიშით 43:40 გაიმარჯვა.
„შავი ლომიც“ და „იბერიელებიც“ თავიანთი ქვეყნის ფრენჩაიზია, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდში შიდა ჩემპიონატის საუკეთესო მორაგბეები არიან თავმოყრილი. ესპანელებმა ჯგუფურ ეტაპზეც დაამტკიცეს, რომ მაღალი დონის გუნდი ჰყავთ. ქართველები „ავჭალის" სტადიონზე თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში ლიდერობდნენ, თუმცა სტუმრებიც გამარჯვების შანსს ბოლომდე ინარჩუნებდნენ.
გადამწყვეტი გახდა 75-ე წუთი, როდესაც ხმალაძემ ბურთი კარგად გადაკიდა ფეხით, თოდუამ შეტევა განაგრძო, ლომიძემ კი ლელოთი ათქულიანი სხვაობა დააფიქსირა - 43:33. ამის შემდეგ ესპანელებმა ლელოს გატანა მაინც მოახერხეს, მაგრამ ფინალში გასვლას ეს აღარ ეყო.
ფინალში თბილისური გუნდი დაუპირისპირდება პორტუგალიურ „ლუსიტანოსს" (Lusitanos), რომელმაც 1/2 ფინალში თელ-ავივის „ჰიტს" 42:26 მოუგო.
შეხვედრა 9 მაისს ლისაბონში გაიმართება.