თბილისი, 17 აპრილი– Sputnik. ბათუმში 13-15 მაისს ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-13 საერთაშორისო გამოფენა EXPO Batumi Travel 2022 გაიმართება, ნათქვამია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ღონისძიებაში მონაწილეობას ადგილობრივი და უცხოური სასტუმრო აღჭურვილობის, რესტორნებისა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები მიიღებენ.
გამოფენა რეგიონში კომპანია მეცამეტედ იმართება და მასზე დასწრებას ნებისმიერი მსურველი უფასოდ შეძლებს. გამოფენა COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ორწლიანი პაუზის შემდეგ გაიმართება.
ღონისძიების ორგანიზატორია კომპანია GeoNet Express. ეს არის ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო საგამოფენო კომპანია საქართველოში ცამეტწლიანი გამოცდილებით, რომელიც ხელს უწყობს რეგიონში საგამოფენო საქმიანობის განვითარებას. წლის განმავლობაში კომპანია აწყობს ოთხ გამოფენას ქალაქ ბათუმში, ნათქვამია განცხადებაში.
ტურიზმი - საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი შემადგენელია და მისი აღდგენა პოსტპანდემიურ პერიოდში მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს.
პანდემიის დაწყებიდან საქართველოში ტურიზმის სტაგნაცია დაიწყო. ტურიზმისგან მიღებული შემოსავლები 2020 წელს 427,7 მლნ დოლარამდე შემცირდა, ხოლო საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა – 1,7 მილიონამდე.
ეკონომიკის აღსადგენად და ქვეყანაში ტურისტების დასაბრუნებლად საქართველომ კოვიდ-შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა და საზღვრების გახსნა დაიწყო. 2020 წლის 1 თებერვლიდან გაიხსნა საჰაერო საზღვრები, 1 ივნისიდან - სახმელეთო.
შედეგად, 2021 წლიდან აქტიური აღდგენა დაიწყო - 2021 წელს საქართველოში განხორციელდა დაახლოებით 1,6 მლნ ტურისტული ვიზიტი, რაც 2020 წლის მონაცემზე 45,1%-ით მეტია. პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით კი მაჩვენებლები აღდგენილია 31%-ით.
შემოსავლებმა ტურიზმიდან 2021 წელს 1,2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
წყარო - აჭარის მთავრობა