თბილისი, 17 აპრილი– Sputnik. რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატი საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე 9 მაისის ნაცვლად, 8 მაისს აღინიშნოს.
ინიციატივის ავტორები არიან თეონა აქუბარდია, არმაზ ახვლედიანი, ხათუნა სამნიძე, გიორგი ვაშაძე, ტარიელ ნაკაიძიე და პაატა მანჯგალაძე.
ოპოზიციონერები 8 მაისის უქმე დღედ გამოცხადებასაც ითხოვენ.
„პირველი არხის“ ინფორმაციით, დეპუტატები თარიღის შეცვლის მიზეზად ფაშიზმზე გამარჯვების 8 მაისს აღნიშვნის ევროპულ ტრადიციას ასახელებენ.
„საბჭოთა კავშირში დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, რუსეთი და პოსტსაბჭოთა ქვეყნები, მათ შორის საქართველო, სსრკ-ს დაშლის შემდეგაც გამარჯვების დღეს 9 მაისს აღნიშნავენ. გამონაკლისია მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნები და უკრაინა, სადაც, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ისა და ევროპის (საფრანგეთი, გერმანია, ჩეხეთი და ა.შ.) მსგავსად, ეს თარიღი 8 მაისს აღინიშნება“, – განმარტავენ კანონმდებლები.
დეპუტატები საკანონმდებლო ინიციატივას საპარლამენტო ბიუროს სხდომაზე 18 აპრილს წარადგენენ.