თბილისი, 16 აპრილი – Sputnik. საქართველოში მიწის პირველადი რეგისტრაცია 2024 წლის ბოლომდე დასრულდება, რის შემდეგაც ქვეყანაში ერთიანი საკადასტრო სისტემა გაჩნდება, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შაბათს ჟურნალისტებს განუცხადა.
2019 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა მიწის ნაკვეთების სისტემური და სპორადული რეგისტრაციის კონცეფცია. სისტემური დამოკიდებულებისას კონკრეტულ რაიონში არსებული ყველა მიწის ნაკვეთი საკადასტრო წიგნში ერთდროულად შედის, ხოლო სპორადული დამოკიდებულების შემთხვევაში რეგისტრაცია მოთხოვნის მიხედვით ტარდება.
„მიწის პირველადი რეგისტრაცია 2024 წლის ბოლოსთვის დასრულდება. ეს არის ჩვენი ამოცანა. შედეგად, ჩვენ გვექნება ქვეყნის ერთიანი, ზუსტი, კადასტრული და სამართლებრივი სურათი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს უძრავი ქონების ბაზრის განვითარებას და მიწის რესურსების მაქსიმალურად ათვისებას.
რეფორმის ფარგლებში მიწის რეგისტრაციის პროცედურები 2016 წლის 1 აგვისტოდან გამარტივდა. მისი მიზანია მფლობელთა უფლებების დაცვა. მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია შესაძლებელია იუსტიციის სახლებში, საჯარო რეესტრის ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში.
ფერმერებისთვის სახელმწიფოსგან შეღავათების მიღების მთავარ პირობას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეგისტრაცია წარმოადგენს.