ქართული ლოკოკინის პირველი პარტია იტალიაში გაიგზავნა

„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში ლოკოკინის წარმოების შექმნისა და განვითარების მიმართულებით 10 მლნ ლარზე მეტი ღირებულების 38 სესხია გაცემული
Sputnik
თბილისი, 16 აპრილი – Sputnik. საქართველომ ევროკავშირის ბაზარზე ლოკოკინის ექსპორტი დაიწყო - იტალიაში სამ ტონამდე ქართული ლოკოკინის პირველი პარტია გავიდა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
იანვარში საქართველო იმ ქვეყნების ნუსხას დაემატა, საიდანაც ევროკავშირის ბაზარზე ლოკოკინების ექსპორტი დაშვებულია. აღნიშნული რეგულაციის მიღებას წინ უძღოდა სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების და პროდუქტის ხარისხის კონტროლის მიზნით გატარებული ღონისძიებები.
ლოკოკინების წარმოება ფერმერებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი მიმართულებაა - ერთი ჰექტარიდან მიღებული შემოსავალი რამდენიმე ათეულ ათას ევროს შეადგენს.
„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში ლოკოკინის წარმოების შექმნისა და განვითარების მიმართულებით 10 მლნ ლარზე მეტი ღირებულების 38 სესხია გაცემული, სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გაცემულმა თანადაფინანსებამ 824 ათას ლარზე მეტი შეადგინა.
ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით, საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების მნიშვნელოვანი წილი ევროპის ბაზარზე ქართული პროდუქციის დაშვებაზეა ორიენტირებული.
საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ, ხელი 2014 წელს მოაწერა.
დღეის მდგომარეობით, საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე ნებადართულია ქართული თაფლის (2016 წლიდან), შავი ზღვის ქაფშიის (2017 წლიდან), შინაური ბინადარი ცხოველების (ძაღლი, კატა) საკვების (2020 წლიდან) და გარკვეული კატეგორიის არასასურსათო დანიშნულების ცხოველური წარმოშობის პროდუქტის (ტყავი, მატყლი) ექსპორტი.