COVID-19 - ბოლო ცნობები

დაწესდება თუ არა კოვიდ-შეზღუდვები სააღდგომოდ: ამირან გამყრელიძე

ამასთან, მოქალაქეებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ და არ მოაწყონ დიდი სუფრები
Sputnik
თბილისი, 16 აპრილი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება აღდგომის დღესასწაულზე არ აპირებს დამატებითი შეზღუდვების დაწესებას, თუმცა საზოგადოებამ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
შარშან და შარშანწინ თბილისელებმა კორონავირუსის პანდემიის გამო ვერ შეძლეს სასაფლაოების მონახულება მიცვალებულთა ხსენების დღეს, რომელიც საქართველოში აღდგომის მეორე დღეს, ორშაბათს აღინიშნება.
„ვფიქრობ, დამატებითი შეზღუდვები არ იქნება, მაგრამ ჩვენ უკვე ბევრი ვისწავლეთ და გამოვცადეთ. შევეცადოთ უფრო მოკრძალებულები ვიყოთ. რა თქმა უნდა, უნდა აღინიშნოს, აღდგომა დიდი დღესასწაულია, პატივი უნდა მივაგოთ მიცვალებულებს, მაგრამ არა ფართო ნადიმებით და ქეიფებით“, - აღნიშნავს გამყრელიძე.
მისი თქმით, საქართველოში ეპიდსიტუაცია გაუმჯობესებულია, მაგრამ ვირუსი ქვეყანაში მაინც ცირკულირებს.
იანვარი–თებერვლის დასაწყისში საქართველო კორონავირუსის მეექვსე ტალღას ებრძოდა, რომელიც „ომიკრონ“ შტამს უკავშირდებოდა. აღნიშნულ პერიოდში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 20-24 ათასს აჭარბებდა. 31 იანვარს გამოვლინდა 26 ათასზე მეტი შემთხვევა. თებერვლის შუა რიცხვებიდან კი ეპიდვითარების მკვეთრი გაუმჯობესება დაიწყო. ბოლო დღეებში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 200-300-ს არ აჭარბებს. ეპიდემიოლოგები ფიქრობენ, რომ შემოდგომაზე კორონავირუსი კიდევ უფრო შესუსტდება და სეზონურ გრიპად იქცევა.