საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში გაემგზავრა

დელეგაციის წევრები საქართველოში, სავარაუდოდ, შაბათს, საღამოს ან კვირას, დილით დაბრუნდებიან.
Sputnik
თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. ქართული დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით უკრაინაში ვიზიტით გაემგზავრა.
ქართული საპარლამენტო დელეგაცია ცხრა დეპუტატისგან შედგება. ცხრიდან ოთხი უმრავლესობის, ხოლო ხუთი ოპოზიციის წარმომადგენელია. გამგზავრებაზე უარი თქვეს „ნაციონალური მოძრაობისა“ და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლებმა.
დელეგაციის შემადგენლობაში მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან“, გარდა პაპუაშვილისა, შედიან არჩილ თალაკვაძე, დავით სერგეენკო და ბექა ოდიშარია.
ოპოზიციიდან უკრაინაში მიემგზავრებიან ლევან იოსელიანი – პარტია „მოქალაქეები“, გიორგი ხოჯევანიშვილი – „საქართველოსთვის“, ხათუნა სამნიძე – „რესპუბლიკური პარტია“, ვახტანგ მეგრელიშვილი – „გირჩი“ და ანა ნაცვლიშვილი – „ლელო“.
დელეგაცია საქართველოში, სავარაუდოდ, შაბათს, საღამოს ან კვირას, დილით დაბრუნდება.