ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ ჭელიძეს და კავილაძეს პატიმრობა შეეფარდათ

მოსამართლის განცხადებით, აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე ჯგუფურად მოქმედებდნენ, რაც მოწმობს ბრალის ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულს.
Sputnik
თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ პროგრამისტ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ აკო ჭელიძეს 17 წლით, ხოლო გიორგი კავილაძეს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
მოსამართლე დავით მგელიაშვილმა აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დამნაშავედ ცნო ნიკო კვარაცხელიას განზრახ ჯგუფურ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში. მოსამართლის განმარტებით, ჭელიძე და კავილაძე ჯგუფურად მოქმედებდნენ, მტკიცებულებები მოწმობს დანაშაულის ჯგუფურად ჩადენას, რისთვისაც ორივე ბრალდებული უმკაცრესად უნდა დაისაჯოს.
განაჩენის გამოცხადებას ბრალდებულები აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე არ დასწრებიან.
აღსანიშნავია, რომ ამავე საქმეზე ასევე დაკავებულია კიდევ ერთი პირი, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან და მისი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.
ქართული ონლაინ-პლატფორმა Feedc-ის შემქმნელის, 22 წლის პროგრამისტის მკვლელობა თბილისში 2021 წლის 15 სექტემბერს მოხდა. „კანონიერი ქურდის“ გია კვარაცხელიას ვაჟს ათზე მეტი ტყვია ესროლეს. ბრალდებულების - აკო ჭელიძის და გიორგი კავილაძის იდენტიფიცირება ვიდეკამერების ჩანაწერებით მოხდა. ისინი სპეცოპერაციის შედეგად წყნეთში, მიტოვებულ სახლში 7 ოქტომბერს დააკავეს.
როგორც გამოძიებამ დაადგინა, კავილაძე და ჭელიძე მკვლელობისთვის წინასწარ მოემზადნენ: შეიძინეს იარაღი, ნაქირავები ავტომობილით ანჯაფარიძის ქუჩაზე მივიდნენ და კვარაცხელიას ჩაუსაფრდნენ.
კავილაძე მანქანაში ელოდებოდა ჭელიძეს, რომელიც კვარაცხელიას მიუახლოვდა და ათზე მეტი ტყვია ესროლა.