Circus Mircus-ი პრომო-ტურის ფარგლებში preparty-ზე გამოვა

Sputnik
თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. ჯგუფი Circus Mircus, რომელიც საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსზე „ევროვიზია 2022“ საქართველოს წარადგენს, პრომო-ტურის ფარგლებში preparty-ზე გამოვა.
საღამო მადრიდში 15 და 16 აპრილს გაიმართება, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის 30 წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. La Riviera-ს სცენაზე ჯგუფი Circus Mircus 16 აპრილს წარდგება საკონკურსი სიმღერით Lock Me In.
ინტერნაციონალურმა მუსიკალურმა ტრიომ მსგავს კონცერტში ისრაელშიც (Israel Calling) მიიღო მონაწილეობა. ამგვარი ღონისძიება საუკეთესო საშუალებაა, რათა „ევროვიზიის“ დაწყებამდე კონკურსის მონაწილეებმა სხვა ქვეყნებში საკუთარი თავი წარმოაჩინონ.
დაარსების დღიდან ჯგუფმა სხვადასხვა ჟანრის ათი მუსიკალური კლიპი გამოუშვა. როგორც ჯგუფის წევრები აცხადებენ, Circus Mircus არის მოძრაობა, რომელიც უპრეცედენტო აუდიოვიზუალური გამოცდილების შესაქმნელად სხვადასხვა სფეროს ათობით პროფესიონალს აერთიანებს. მათ შორისაა ცნობილი დიზაინერი უტა ბექაია.
ბუკმეკერები: საქართველო „ევროვიზია 2022"-ის ნახევარფინალში მესამე ადგილს დაიკავებს>>>
„ევროვიზია 2022“ ტურინში (იტალია) ჩატარდება. ნახევარფინალები 10 და 12 მაისს გაიმართება, ფინალი კი 14 მაისს. 66-ე საერთაშორისო კონკურსში წელს 40 ქვეყნის კონკურსანტი მიიღებს მონაწილეობას.
იტალიამ უკვე ორჯერ უმასპინძლა „ევროვიზიის“ კონკურსს – ნეაპოლში (1965) და რომში (1991). ამჯერად კი „ევროვიზიის“ მასპინძლობის უფლება ქალაქმა ტურინმა მოიპოვა – 2021 წლის მაისში როტერდამში იტალიური ჯგუფი Maneskin-ის გამარჯვების წყალობით (სიმღერა Zitti e Buoni).