თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის უკრაინაში ვიზიტი ჯერჯერობით არ იგეგმება, განაცხადა თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯენ პსაკიმ.
აღსანიშნავია, რომ მანამდე მსგავსი გეგმების შესახებ საჯაროდ თავად აშშ-ის პრეზიდენტმა გამოაცხადა.
„ჩვენ არ ვგზავნით პრეზიდენტს უკრაინაში, ეს არც განიხილება“, — თქვა სპიკერმა Pod Save America-ს პოდკასტში.
მისი განმარტებით, კიევში მოგზაურობისთვის აშშ-ის პრეზიდენტს „8 საათის განმავლობაში მოუწევს ომის ზონაში მოგზაურობა, ეს კი თეთრი სახლის გეგმებში არ შედის“.
გუშინ ბაიდენმა ტელეარხ C-SPAN-ის ჟურნალისტთან საუბრისას კითხვას, მზად არის თუ არა უკრაინაში წასასვლელად, დადებითად უპასუხა: „დიახ“.
კიევს გასული თვის განმავლობაში არაერთი დასავლელი ლიდერი ეწვია, რათა უკრაინელი ხალხისთვის სოლიდარობა გამოეცხადებინათ და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ქვეყნის ფინანსური მხარდაჭერის საკითხები განეხილათ. კერძოდ, მიმდინარე თვეში კიევს სტუმრობდნენ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა.